პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა
პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა
Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარანტინის დაწესებიდან მოყოლებული მომხმარებელთა 54%-მა ფინანსების მართვის მობილური და ონლაინ სერვისების გამოყენება დაიწყეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) აცხადებს, რომ საბანკო ოპერაციებისა და ფინანსების მართვისთვის განკუთვნილი აპლიკაციების გამოყენება მათთვის ძალიან მოსახერხებელია, ხოლო 23% მსგავს აპლიკაციებს უფრო ენდობა, ვიდრე ოდესმე.
საკუთარ ფინანსებზე ზრუნვა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები საკუთარი ფულის მართვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ეძებენ. ათიდან ყოველი მეოთხე (39%) გამოკითხული გრძნობს COVID-19-ით გამოწვეულ დამანგრეველ გავლენას საკუთარ ფინანსებზე, ხოლო დიდ ბრიტანეთში ყოველი მეხუთე ადამიანი (20%) მიიჩნევს, რომ მეორედ კარანტინის გამოცხადება უკიდურეს ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს.
კვლევის ძირითადი შედეგები ასეთია:
- პანდემიამ დააჩქარა ფინანსური ონლაინ და მობილური სერვისების გამოყენების პოპულარობის ზრდა და მათ ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) იყენებს;
- გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) მათი გამოყენებისას თავს კომფორტულად გრძნობს, ხოლო მომხმარებელთა მეოთხედი (23%) ახლა უფრო მეტად ენდობა მსგავს სერვისებს, ვიდრე პანდემიამდე;
- ვინდაიდან უამრავი მოქალაქე ებრძვის ფინანსურ არასტაბილურობას, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება მსგავსი ტიპის აპლიკაციების გამოყენება, რათა გამარტივდეს ფინანსების მართვა.

შედეგად უამრავი ადამიანი მიმართავს ფინანსების მართვისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სესხებისა და ბიუჯეტის დაგეგმარებაში ეხმარება. შეზღუდვების დაწესების მომენტიდან ბრიტანეთის თითქმის ყოველმა მეხუთე მოქალაქემ (17%) პირველად დაიწყო ონლაინ ბანკინგით სარგებლობა. მომხმარებლები ფინანსების მართვისთვის იყენებენ ისეთ სერვისებს, როგორებიცაა Moneybox, Tully, Plum და Cleo. 25-34 წლის მომხმარებლებში აპლიკაციების გამოყენების ზრდამ 45%-ს მიაღწია.
მოსალოდნელია, რომ ფინანსების მართვის მობილური და ონლაინ სერვისების პოპულარობის ზრდა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გამოკითხულთა 67% მათ გამოყენებას მომავალშიც აპირებს, ხოლო 45%-ის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი აპლიკაციები ფინანსების სრული მართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდნენ.
ლუბაინა მანჯი, Nesta Challenge-ის პროგრამის უფროსი ხელმძღვანელი ამბობს: "მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო უამრავი ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება, მაინც სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ადამიანები საკუთარი ფინანსების მართვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ეძებენ და ამით შესაძლო არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისთვის ემზადებიან. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო აპლიკაციების, მობილური მოწყობილობებისა და ინტერნეტის პოპულარობის ზრდას, რაც გარდა ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესებისა, მათ მიმართ ნდობის ზრდასაც გულისხმობს. ეს ნამდვილად კარგი ამბავია სფეროსთვის, რომელიც დაკავებულია ინოვაციების დანერგვით და ქმნის უკეთეს პროდუქტებსა და სერვისებს მომხმარებლებისთვის".

დღეისთვის ასრებობს რიგი აპლიკაციები და ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს საკუთარი შემოსავლის მართვა მარტივად შეუძლიათ. ქვემოთ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:
Tully წარმოადგენს მრჩეველს სესხების საკითხებში. იგი გთავაზობთ ბიუჯეტის ონლაინ რეჟიმში შედგენას, გიწევთ კონსულტაციას ვალდებულებებთან დაკავშირებით და გთავაზობთ გადახდის მოქნილი გრაფიკის ვარიანტს. სერვისი ასევე გიწევთ ონლაინ ქოუჩინგს ფინანსების მიმართულებით, რაც ფინანსური საკითხებით გამოწვეულ სტრესს მნიშვნელოვნად შეამცირებს;
Portify განკუთვნილია თანამედროვე დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავლის მოდელიც ტრადიციულისგან განსხვავდება. აღნიშნული გადაწყვეტა სწავლობს შემოსავლის მოდელს და ხარჯვის ქცევას, რათა აარიდოს მომხმარებელს ზედმეტი ხარჯები და პროცენტების ხდა;
Wagestream ეხმარება ადამიანებს, მიიღონ ადრეული წვდომა საკუთარ ხელფასზე, რასაც საბოლოოდ უპროცენტო სესხის სახე ეძლევა. გარდა ამისა, სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსურ განათლებას, ანაბრების პროდუქტებსა და ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებებს;
Creditspring გახლავთ ხელმისაწვდომი სერვისი საკრედიტო პროდუქტის მისაღებად, რომელიც ითვალისწინებს დაბალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტს და ეხმარება შეზღუდული ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავებაში;
Updraft გათვლილია მილენიალებზე და იგი ოვერდრაფტის ალტერნატივას წარმოადგენს. ის ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარება ოვერდრაფტისა თუ სხვა სესხების ეტაპობრივ დაფარვაში და ამ გზით დანაზოგის გაზრდაში.

ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტა Nesta-ს მიერ ღია საბანკო ოპერაციების დამნერგავ ორგანიზაციასთან, OBIE-სთან პარტნიორობით ორგანიზებული Open Up 2020 Challenge-ის ფინალისტია. 15-მა ფინალისტმა საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის განვითარებისთვის მიღებული არაფინანსური მხარდაჭერის გარდა, 50 ათასი გირვანქა სტერლინგიც მიიღო. 2020 წლის ოქტომბერში კი დასახელდება 3-4 ფინალისტი, რომელიც დამატებითი 150 ათასიდან 200 ათასამდე გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც დაეხმარება სტარტაპებს, უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანონ მაღალი ხარისხის ფინანსური მენეჯმენტის სერვისი.

"ეკონომიკურმა არასტაბილურობამ ადამიანები დააფიქრა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გაუძლონ ამ კრიზისს და როგორ მოემზადონ მომავლისთვის. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დროს ყველაზე მეტად გვჭირდება წვდომა ტექნოლოგიებთან, რომლებიც გაამარტივებენ ჩვენი ფინანსების მართვას. სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, თუ რამხელა უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ფინანსებისა და საბანკო ოპერაციების მართვის შესაძლებლობას", — აცხადებს Open Banking Implementation Entity (OBIE) ორგანიზაციის დირექტორი, დევიდ ბირდმორი.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები