როგორ გააერთიანებს ღია ბანკინგი ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს
როგორ გააერთიანებს ღია ბანკინგი ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს
აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები ღია ბანკინგის დანერგვისკენ სწრაფვას არ ჩქარობენ მაშინ, როცა ქვეყნის საბანკო სექტორი ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს მაინც დგამს. ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგებით, ბანკირთა 65% ღია ბანკინგს არა საფრთხედ, არამედ დამატებით შესაძლებლობად განიხილავს. გამოკითხულთა 90%-ს კი ღია ბანკინგისგან 10%-იანი ორგანული ზრდის მოლოდინი აქვს.
თუმცა, როცა საქმე ეხება ღია ბანკინგის დანერგვასა და განხორციელებას — აქ მოსაზრებები განსხვავებულია და ამ საკითხზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. მაგალითად, Deloitte-მა მომხმარებლების ციფრული საბანკო მომსახურების 820 ფუნქციური შესაძლებლობა დაასახელა — დაწყებული ინფორმაციის შეგროვებით და ყოველდღიური საბანკო მომსახურებით, დასრულებული მომხმარებლებთან უშუალო კავშირის შეწყვეტით.

ამჟამად ბანკები და საკრედიტო კავშირები სრული ციფრული მომსახურების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ, რადგან მათ სისტემებს "ციფრული სიმწიფე" აკლია. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფინტექ კომპანიები მალე ტრადიციულ საბანკო სფეროს ჩაანაცვლებს. Deloitte-ის 2018 წლის ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ ახალი ფინტექ კომპანიები ციფრული სიმწიფის ინდექსით ბევრად დაბლა არიან, ვიდრე ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციები. ამის მიზეზად კი მსგავსი კომპანიების სერვისების ნაკრებში მომხმარებელთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ციფრული გადაწყვეტების ნაკლებობა სახელდება.

ცალსახაა, რომ ბანკებს და საკრედიტო კავშირებს სჭირდებათ ფინტექ კომპანიები და პირიქით, ფინტექ კომპანიებს სჭირდებათ დიდი ფინანსური ორგანიზაციები. ვინაიდან ღია ბანკინგი განაგრძობს განვითარებას, ორივე სფეროს მოთამაშეები აუცილებლად მონახავენ თანამშრომლობის ოპტიმალურ და ყველასთვის მომგებიან ფორმატს, რაც მომხმარებელზე ორიენტირებული ღია ბანკინგის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

მომხმარებელთა საჭიროებებმა, შესაძლოა, ღია ბანკინგის პარტნიორობის საკითხი საოპერაციო სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად იმაზე ადრე აქციოს, ვიდრე ამას ბანკები და საკრედიტო კავშირები ელიან. დიდ ბრიტანეთში ბანკების მომხმარებლებში ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ მათ უმრავლესობას საკუთარ ფინანსებზე სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციიდან ერთიანი მონაცემების მიღება სურთ. გამოკითხულთა 1/3 აცხადებს, რომ უკვე იყენებს ამ მიზნით შესაბამის აპლიკაციას.

თუმცა, საბანკო მონაცემებთან და მათ სერვისებთან პირდაპირი წვდომის გარეშე მომხმარებლებისთვის ფინანსების მართვის გამარტივების მიზნით სერვისის შექმნა არაეფექტიანი და ზოგჯერ რისკის შემცველია.
მეორე მხრივ, ღია ბანკინგი ფინტექ კომპანიებსა და დიდ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის მიმოცვლასა და ამ მიზნით ღია სააპლიკაციო საპროგრამო ინტერფეისებისა და API-ს გამოყენებას ითვალისწინებს. ამ სპეციალიზებულ გარემოში ბანკთან მონაცემების უსაფრთხო მიმოცვლა რამდენიმე პროვაიდერს შეუძლია, რითაც შესაძლებელი ხდება მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი და მათზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა.

მიუხედავად ამისა, ღია ბანკინგის განსახორციელებლად მზადყოფნას გამოკითხულ ბანკირთა მხოლოდ 26% გამოთქვამს, ხოლო 61% აცხადებს, რომ ამისთვის აიტი სფეროში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოხდეს. ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, სადაც ფინანსურ ორგანიზაციებს ფინტექ კომპანიებთან თანამშრომლობით სარგებლის მიღება შეუძლია და ამისთვის მათ ღია ფუნქციური შესაძლებლობების მქონე API-ების გამოყენება დასჭირდებათ.
გარდა ამისა, ბანკებს ფინტექ კომპანიებთან თანამშრომლობით საკუთარი API-ის შექმნაც შეუძლიათ. პარტნიორების ასეთი ჩართულობით შესაძლებელი გახდება სერვისების იმ აპლიკაციების მეშვეობით შეთავაზება, რომლებსაც მომხმარებლები უკვე იყენებენ.

ღია ბანკინგის პირველი მომხმარებლები ამ ხედვის უპირატესობებს მაშინვე შეამჩნევენ. ბანკისთვის ღია ბანკინგის მიმართულებით თანამშრომლობა მას ნოვატორის სტატუსს მიანიჭებს, რასაც თან მრავალი უპირატესობა და პრივილეგია მოჰყვება.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები