Payze 2000-ზე მეტ აპლიკანტს შორის Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული გახდა
სტარტაპ ეკოსისტემაში კომპანია Payze სულ რაღაც 2 წელიწადია გამოჩნდა, თუმცა სწორად შერჩეულმა მისიამ, პროდუქტმა და გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ საქართველოს გარდა, მათ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ, როგორც წარმატებულ და ძალიან პერსპექტიულ სტარტაპს. 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ Payze-მ კიდევ ერთი აღიარება VISA-სგან მოიპოვა.
2000-ზე მეტ აპლიკანტში ქართველებისგან დაკომპლექტებული გუნდი ცენტრალური ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რჩეული გახდა. თავდაპირველად ჟიურიმ 5 საუკეთესო სტარტაპი შეარჩია, ფინალურ ეტაპზე გუნდები ნიგერიიდან, ეთიოპიიდან, პაკისტანიდან, რუსეთიდან და საქართველოდან იბრძოდნენ. საბოლოოდ, Payze-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გეგა წურწუმიას Pitch-მა ყველას მოწონება დაიმსახურა და კომპანია Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული და $15,000-ის მფლობელიც გახდა.
მომდევნო, ფინალური ეტაპი უკვე მსოფლიო მასშტაბით წარმატებულ სტარტაპებს გააერთიანებს, რომლებიც $100,000-ის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

„ბოლო 5 წელია VISA მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პერსპექტიულ Fintech კომპანიებს ეძებს, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტებზე მუშაობენ. ამ გადაწყვეტის მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივება და VISA-ს მისიასთან სინერგია უნდა იყოს. ჩვენთვის ეს გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პროდუქტის აღიარების კუთხითაა. ისეთი კომპანიის მხარდაჭერა, როგორიც VISA-ა, ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ და ამას სხვებიც ამჩნევენ. უძლიერესი ჟიურის წინაშე წარვადგინეთ ჩვენი პროდუქტი, ამ ადამიანებს სულ რაღაც, 1 წლის წინ სოციალურ ქსელებში ვადევნებდით თვალყურს, რომ ტექნოლოგიური სიახლეები მათგან გაგვეგო“ - გვიყვება გეგა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გამარჯვება საქართველოს და მთლიანად რეგიონის აღიარებაცაა. ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაშიც შესაძლებელია უმაღლესი დონის ციფრული პროდუქტის შექმნა ნიშნავს, რომ საქართველოს გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის რუკაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია.

„გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, კონკურსში გამარჯვება VISA-სთან უფრო სიღრმისეულ პარტნიორობასაც მოიცავს. Pitch-ის ბოლოს თითოეული ფინალისტი ასახელებს მისთვის სასურველ თანამშრომლობის ფორმას, რითიც VISA-სთან ურთიერთობის გაგრძელება სურს. გამარჯვების შემდეგ Payze საკუთარ სერვისში VISA-ს ერთ-ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს გამოიყენებს, რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომი არაა. მისი მეშვეობით თაღლითობის რისკები მინიმუმამდე შემცირდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მშვიდად და თავისუფლად იშოპინგონ ონლაინ“ - ამბობს გეგა.

 Payze-სთვის ეს Unicorn სტარტაპად გახდომისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. გუნდი, რომელიც 500 Startups-ის პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია მალე სილიკონ ველიზე ინვესტორების წინაშე წარსდგება.


ავტორი: ლევან თაღიაშვილი

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×